13/11/2024
14:37
პოლიტიკა
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.
„აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა“.
აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ მედიასთან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სამი გაერთიანებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
0
0