15/06/2023
17:28
ეკონომიკა
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა სტაბილურობას ინარჩუნებს, 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ ივნისის გამოშვებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ძირითადად განხორციელდა მომსახურების ხარჯზე, ხოლო სამრეწველო საქმიანობის მიმართულებით კლება აღინიშნა.
„სამომავლოდ მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4 პროცენტამდე 2023 წლის განმავლობაში, რაც ასახავს ეკონომიკის პროგნოზირებულ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, სანამ საშუალოვადიან პერიოდში ხუთ პროცენტამდე დასტაბილურდება.
შედარებით დაბალი საერთაშორისო სასაქონლო ფასებისა და ლარის გამყარების გამო, ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მაისში ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა 1.5 პროცენტს მიაღწია (წლიური დონე). მოთხოვნის მხარეს უწყვეტი ზეწოლის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ განსაზღვრულ სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში.
გაურკვევლობის მაღალი დონის მიუხედავად, აღნიშნული პერსპექტივის წინაშე არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. ერთი მხრივ, ფულადი ნაკადების შემოდინების ცვლილებამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, და პოტენციურად მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი დონის გამო. მეორე მხრივ, ფულადი ნაკადების შემოდინება შეიძლება, პროგნოზირებულთან შედარებით უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს და საქართველომ კვლავ მიიღოს სარგებელი სავაჭრო კავშირების გადახალისებით სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი კონფიგურაციის პარალელურად“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და ფინანსური სტრესის რისკი ძლიერდება ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში გლობალურად მომატებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე.
პროგნოზის მიხედვით, გლობალური ზრდა 2022 წელს არსებული 3.1 პროცენტიდან 2023 წელს 2.1 პროცენტამდე შემცირდება. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში, ჩინეთის გარდა, ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული 4.1 პროცენტიდან წელს 2.9 პროცენტამდე შენელდება. ეს პროგნოზები ფართომასშტაბიან ვარდნას ასახავს.
„სიღარიბის შემცირებისა და კეთილდღეობის გავრცელების ყველაზე საიმედო გზა დასაქმებაა, შენელებული ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შექმნას ბევრად ართულებს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არ არის ბედისწერა. ჩვენ გვაქვს ვითარების შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, აჯაი ბანგამ.
მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას განვითარებული ქვეყნების ბოლოდროინდელმა საბანკო სტრესმა მხოლოდ შეზღუდული ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა ისინი სახიფათო სიტუაციაში იმყოფებიან. გლობალური საკრედიტო პირობების მზარდი შეზღუდვების ფონზე, ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთმა ფაქტობრივად დაკარგა წვდომა ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც დაბალი კრედიტუნარიანობით გამოირჩევიან. მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია, რაც დამატებითი შოკების მიმართ მათ დაუცველობას განაპირობებს.
„მსოფლიო ეკონომიკა არასაიმედო მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დინამიზმის მისაღწევად, რომელიც საჭიროა სიღარიბის აღმოსაფხვრელად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად და ადამიანური კაპიტალის შესავსებად. 2023 წელს ვაჭრობა გაიზრდება პანდემიამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ტემპის მესამედზე ნაკლებით. ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალის წნეხი იმატებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო. ფისკალურმა სისუსტეებმა უკვე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა. იმავდროულად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაფინანსების საჭიროება კერძო ინვესტიციების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ბევრად აღემატება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, უახლესი პროგნოზები მიუთითებს, რომ პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გლობალური ფინანსური პირობების ფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყნებში დაახლოებით ხუთი პროცენტით დაბალი იქნება პანდემიის დაწყებამდე პროგნოზირებულ დონეზე.
მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე, განსაკუთრებით კი უღარიბეს ქვეყნებში, ზარალი აშკარაა: ამ ქვეყნების მესამედზე მეტში, 2024 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე კვლავ 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. შემოსავლის ზრდის ეს სუსტი ტემპი გააღრმავებს უკიდურეს სიღარიბეს ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში.
„ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს, გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, მუდმივად მაღალ ინფლაციას და ვალის რეკორდულ დონეს. მაგრამ ახალმა საშიშროებამ, როგორიცაა განახლებული ფინანსური სტრესის უფრო ფართო გავრცელების შესაძლებლობა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შეიძლება, კიდევ უფრო გააუარესოს მათი მდგომარეობა. პოლიტიკის შემმუშავებლებმა ამ ქვეყნებში დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდა მოწყვლადობა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ, აიჰან კოსემ.
ანგარიშის თანახმად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2022 წელს არსებული 2.6 პროცენტიდან ზრდა წელს შენელდება 0.7 პროცენტამდე და 2024 წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 2023 წლის 1.1 პროცენტიანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 0.8 პროცენტამდე შენელდება, ძირითადად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გავლენის გამო. ევროზონაში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება 0.4 პროცენტამდე 2022 წლის 3.5 პროცენტიდან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შემაფერხებელი ეფექტის გამო.
ანგარიში ასევე იძლევა ანალიზს, თუ როგორ მოქმედებს აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდა ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში სახაზინო შემოსავლების ორწლიანი ზრდის უმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო ინვესტორების მოლოდინებით აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის მიმართ ინფლაციის გაკონტროლებასთან დაკავშირებით.
ანგარიშის მიხედვით, ამ კონკრეტული ტიპის საპროცენტო განაკვეთის ზრდა ასოცირდება განვითარებად ქვეყნებში არახელსაყრელ ფინანსურ ეფექტებთან, მაღალი ალბათობის ფინანსური კრიზისის ჩათვლით. უფრო მეტიც, ეს ზემოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია იმ ქვეყნებში, რომლებიც გაცილებით დიდი ეკონომიკური დაუცველობით გამოირჩევიან. კერძოდ, სასაზღვრო ბაზრებზე (ქვეყნები ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრებით და უფრო მეტად შეზღუდული წვდომით საერთაშორისო კაპიტალზე) აღინიშნება ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა; მაგალითად, სუვერენული რისკის გავრცელება ასეთ ბაზრებზე სამჯერ და მეტად იზრდება ვიდრე ფორმირებადი ბაზრების მქონე და სხვა განვითარებად ქვეყნებში.
ამასთან ერთად, ანგარიშში მოცემულია ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. საპროცენტო განაკვეთების ზრდამ გაამძაფრა მათი ფისკალური პოზიციების გაუარესება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმწიფო ვალი ახლა საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტს შეადგენს. საპროცენტო გადახდები ამცირებს სახელმწიფოს შეზღუდულ შემოსავლებს. დაბალი შემოსავლის მქონე 14 ქვეყანა უკვე იმყოფება სავალო კრიზისში ან მის პირზეა. ხარჯების ზეწოლა გაიზარდა ამ ქვეყნებში. არახელსაყრელი შოკები, როგორებიცაა ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და კონფლიქტები, კიდევ უფრო მეტად აუარესებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში შინამეურნეობების მდგომარეობას, ვიდრე სადმე სხვაგან, სოციალური უსაფრთხოების შეზღუდული ქსელების გამო. საშუალოდ, ეს ქვეყნები მშპ-ის მხოლოდ სამ პროცენტს ხარჯავენ თავიანთ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, რაც განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (26 პროცენტი) დაბალია.
0
0