27/04/2022
20:27
სამხედრო
საქართველოში ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.
გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების კუთხით.
თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უწყვეტი მხარდაჭერით შეიქმნა და განვითარდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით მასპინძლობს ნატოს სტანდარტის სწავლებებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
0
0