21/01/2025
14:02
პოლიტიკა
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა როგორ და რა ფორმით დაესწრნენ ინაუგურაციას საქართველოდან ვაშინგტონში ჩასული ოპოზიციის ლიდერები. "ლელოს" ლიდერებს ცერემონიაზე დასწრების ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა არ გაუვრცელებიათ. გიორგი ვაშაძე კი პროცესს თვალს "ქეფითოლ არენადან" ადევნებდა.
"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციის ფორმატი შეიცვალა და ამიტომ მოხდა ისე, რომ ოპოზიციის ნაწილმა ვერ შეძლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
"ინაუგურაციის პროცედურა არის მხოლოდ ცერემონია და წელს სხვანაირ ფორმატში გაიმართა. ამიტომ, ვინც შეძლო იყო უშუალოდ ცერემონიაზე, ვინც ვერა, არ დაესწრო ამ ცერემონიას", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციის ცერემონიას ვინ სად ესწრებოდა, ეს მნიშვნელოვანი არ არის.
"ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნებისმიერი ფორმით ცდილობენ, რომ ასეთ დიდ ღონისძიებას დაესწრონ და მოწვევებიც აქვთ შესაბამისი, ეს სხვა საკითხია და კარგია, მაგრამ ის არის პრობლემა, რომ დღეს ხელისუფლებიდან არავინ არ არის. მთავარი არის ის, რომ ივანიშვილი არის ახალი ადმინისტრაციის სანქცირებულთა სიაში ნომერ პირველი. ახლა, ის, ინაუგურაციაზე ვინ სად ესწრებოდა, ნამდვილად მეორე ხარისხოვანია", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
0
0