13/10/2024
21:22
სპორტი
ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩამდე „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც გუნდში არსებულ ვითარებასა და საქართველოსთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი არ ეყოლება, რომელიც ნამდვილად დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენი მეტოქე მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული.
ვილი სანიოლი დიდი ხანია საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს და ფიზიკურად, ტაქტიკურად, ასევე ტექნიკურად კარგად მომზადებული გუნდი ჩამოაყალიბა. საქართველოს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს და კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაშობს, ისინი თითქმის ყოველთვის ახერხებენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. ასეთი გუნდის დამარცხება, მით უმეტეს, სტუმრად, ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ და შეუძლებელი არაფერია.
ჩვენს გუნდში ცვლილებებს რაც შეეხება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩეხეთის ფიზიკურად ძალიან ძლიერ გუნდთან თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა. თბილისამდე მგზავრობაც დამღლელი აღმოჩნდა, სასტუმროშიც დავაგვიანეთ. თამაშამდე ვარჯიში გვაქვს, ფეხბურთელებს უნდა ვესაუბროთ, ვნახავთ, ვინ როგორ მდგომარეობაშია და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.
რეალობის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა მხოლოდ გამარჯვება და სამი ქულა გვაძლევს ხელს, რათა პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. სხვაგვარად ნოემბერში გასამართ მატჩებს აზრი აღარ ექნება. ამიტომ საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდანვე ვიცოდი, რომ ძალიან დაბალანსებული ჯგუფი იყო, რთული მატჩები იქნებოდა და ქულებს ყველა გუნდი დაკარგავდა“, – განაცხადა სილვინიომ.
0
0