31/01/2025
19:06
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა ვალდებულებაა და არა არჩევანი, რადგან საქართველოს დელეგაციის წევრების რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია.
„საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ის კანონზე დაფუძნებული ორგანოა, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც დელეგაციის წევრებმა უფლებამოსილება მიიღეს, ისინი წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტმა გუშინ საღამოს აღნიშნული საქმე საფუძვლიანად განიხილა და მას კვლავ გადახედავს მომდევნო კვირების განმავლობაში. გადაწყვეტილება მიიღება აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე", - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.
თუმცა, რუსოპულოსმა არ დააკონკრეტა, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, თუ ქართული დელეგაცია უარს განაცხადებს ასამბლეაში მუშაობის ვალდებულების შესრულებაზე.
„ახლა არ ვაპირებ რაიმე სახის ჰიპოთეზაზე რეაგირებას. მე ჩემი ვარაუდი მაქვს და არ გავასაჯაროებ. აზერბაიჯანის საქმე განსხვავებული იყო, რადგან მისი დელეგაციის რწმუნებათა სიგელები არ იყო რატიფიცირებული. საქართველოს დელეგაციის წევრები უნდა დაგვთანხმდნენ, რომ ისინი უნდა დაექვემდებარონ მონიტორინგს იმ შემთხვევებში, თუ წევრები არ შეასრულებენ ვალდებულებებს და არ დაემორჩილებიან ორგანიზაციის წესებს,’’ - თქვა თეოდოროს რუსოპულოსმა.
რუსოპულოსმა დაპატმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც ისაუბრა და მისი დაკავების გარემოებებიც განიხილა.
,,საპატიმრო დაწესებულებაში მის [მზია ამაღლობელის] მიმართ მოპყრობის ფორმა, როგორიცაა მისთვის სასმელი წყლის მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების აკრძალვა წამებაა. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ნათელს ხდის წესების, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა კონვენციისადმი პატივისცემის მნიშვნელობას“, - თქვა რუსოპულოსმა.
0
0