08/08/2023
18:57
სპორტი
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე საათის წინ ნაადრევად, ანონსის დადების გარეშე დაიწყო.
ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით და გულშემატკივართა ნაწილმა ბილეთების ყიდვა შეძლო.
საუბარია "ევრო 2024-ის" ფარგლებში ეროვნულ ნაკრებებს შორის 8 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩზე.
ბილეთები გასაყიდად გამოიტანა TKT.ge-მ, რომელთანაც "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია" თანამშრომლობს.
"ჩვენი პრობლემა იყო, ახლა განცხადებას დავდებთ ძალიან მალე", - ამბობს TKT.ge-ის დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.
ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მათი მითითების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასე არ მომხდარა.
"რამდენიმე ბილეთია გაყიდული. ამ ადამიანებს ნაყიდი ბილეთები შეუნარჩუნდებათ, დანარჩენი ბილეთების გაყიდვაზე ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას... [გაყიდულია] დაახლოებით 100-მდე ბილეთი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას ფეხბურთის ფედერაციაში.
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ყიდვა ამ დროისთვის [17:10 საათი] შეუძლებელია, შესაძენად საჭირო ბმული აღარ იძებნება TKT.ge-ზე.
0
0