26/11/2022
16:07
კონფლიქტები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა დაგმო.
„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა მიზნად ისახავს უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას. რუსეთის ეს მცდელობა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა და სადაც მან ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა იმ სახით, რომ 250 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ აძლევს საშუალებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში; ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ უფლება, რომ განათლება მიიღონ ქართულ ენაზე და მუდმივად მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლა ოკუპირებულ რეგიონებში. დღეს, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება. ეს ფაქტი დადასტურებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. საქართველომ ასევე, მოიგო დავა საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლისას.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ უკრაინისთვის, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რათა უკრაინამ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში დავები მოუგოს.
მისი განცხადებით, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში.
„საქართველო დაეხმარა უკრაინას, რომელიც არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, შეეტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო მომავალშიც გაუწევს მსგავს დახმარებას ჩვენს მეგობარ უკრაინას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0