05/04/2022
17:02
მსოფლიო
ყველამ ვიხილეთ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები ბუჩასა და სხვა ადგილებში, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ ბოლო დღეებამდე. ეს აუტანელი სისასტიკეა, რომლის მომსწრეც ევროპა მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გამხდარა, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება და მკვლელობა სამხედრო დანაშაულია.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და სისასტიკეზე პასუხისმგებელი ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
„ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ გამოძიებებს, მათ შორის გაერო-სა და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს საშუალებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ, იბრუნებენ ტერიტორიებს რუსი დამპყრობლებისგან და აიძულებენ რუსეთს, შეცვალოს მისი საომარი გეგმები, თუმცა მოსკოვი არ თმობს მის ამბიციებს უკრაინაში. ახლა ვხედავთ ძალების მნიშვნელოვან გადაადგილებას კიევიდან მოშორებით, რათა განახორციელონ გადაჯგუფება, გადაიარაღება, ხელახლა აღჭურვა და ფოკუსი აღმოსავლეთზე გადაიტანონ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მომდევნო კვირებში მოსალოდნელია რუსეთის შემდგომი იერიში უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით.
„მომდევნო კვირებში ჩვენ ველით, რუსეთის შემდგომ იერიშს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით. შეეცდებიან, მთლიანად აიღონ დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან. ეს არის ომის გადამწყვეტი ფაზა და რამდენადაც უკრაინა ამ ახალი იერიშის წინაშეა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ რას გავაკეთებთ კიდევ და მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, უზრუნველყონ მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა აღჭურვილობა. მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ნატო ასევე მიისწრაფის უკრაინის კიბერუსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფისკენ და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ დასაცავად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
0
0