03/10/2024
12:01
მსოფლიო
მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება გეგმავს, ეგრეთ წოდებულ მეგობარ ქვეყნებზე 1,5 ტრილიონ რუბლზე მეტი ღირებულების სესხების გაცემას, როგორც ეს 2025-2027 წლების ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს.
ხარჯები აიხსნება „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების“ და ფინანსური მხარდაჭერით პროდუქციის ექსპორტისთვის იმ ინდუსტრიებში, რომლებშიც რუსული საქონელი კონკურენტუნარიანია.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა უფლება მისცა რიგ ქვეყნებს, არ დაებრუნებინათ რუსეთისთვის 600 მილიონი აშშ დოლარი ადრე გაცემული სახელმწიფოთაშორისი სესხები.
რუსეთის ხელისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას მსესხებლებისა და მათი ვალების შესახებ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს რუსეთის წინაშე უცხო ქვეყნების მთლიანი ვალი იყო 28,9 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 2,7 ტრილიონი რუბლი ცენტრალური ბანკის მიმდინარე კურსით), ხოლო ყველაზე დიდი მოვალეები იყვნენ ბელარუსი (8,2 მილიარდი დოლარი), ბანგლადეში (5.9 მილიარდი), ინდოეთი (3.8 მილიარდი დოლარი), ეგვიპტე (1.8 მილიარდი დოლარი) და ვიეტნამი (1.4 მილიარდი დოლარი).
რუსეთის ხელისუფლება მეგობარ ქვეყნებს უწოდებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ უჭერენ მხარს დასავლეთის სანქციების პოლიტიკას რუსეთის მიმართ და არ ეხმარებიან უკრაინას რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიებაში.
0
0