03/10/2024
13:17
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი ევროპაში წარმოებულ ნახევარგამტარებს, რომელიც რაკეტებისა და სხვა სამხედრო იარაღის წარმოებისთვის არის საჭირო, მაინც ყიდულობს.
მისი თქმით, დასავლურმა კომპანიებმა ეს იციან, თუმცა საკუთარი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვებს არავინ აკონტროლებს. საბოლოოდ ნახევარგამტარები რუსეთამდე აღწევენ.
„თუ თქვენ ნებისმიერ [რუსულ] რაკეტას ან უპილოტო საფრენ აპარატს გახსნით, ნახავთ, რომ მათში ბევრი დასავლური კომპონენტია. კომპანიებმა შესაძლოა თქვან, რომ ისინი რუსეთში არაფერს ყიდიან, რომ ისინი საკუთარ პროდუქციას ვიღაც შუამავლებს აწვდიან, თუმცა, ეს გარემოება ფაქტებს არ ცვლის. ნაწილები რუსეთში დიდი მოცულობით მიედინება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
როგორც ბუდანოვი ამბობს, დასავლური ნაწილებით წარმოებული რუსული რაკეტები ქარხნებიდან საწყობებში არ გადააქვთ. ისინი პირდაპირ ბრძოლის წინა ხაზზე მიაქვთ და შემდეგ მათ უკრაინას ესვრიან.
ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ხერხი, რომელიც კრემლს ზუსტი დამიზნების მქონე რაკეტების შექმნაში ხელს შეუშლის, რუსეთში ნახევარგამტარების გადინების შეჩერებაა, თუმცა „ყველა თვალს ხუჭავს იმაზე, რაც ხდება“.
0
0