16/08/2023
13:15
კულტურა
საერთაშორისო მედია “ბლექ სი არენაზე” მომხდარზე აქტიურად წერს.
The Killers-ის საქციელის და ქართველი მსმენელის მყისიერი პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა.
"შეძახილები და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსები მათი "ძმაა", — წერს The Guardian.
"The Killers-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ალტერნატიული როკ ჯგუფის შოუს დროს საქართველოში, სცენაზე რუსი დრამერი გამოიყვანეს, თაყვანისმცემლებს კი "ძმები და დები" უწოდეს, რამაც მაყურებლის გაბრაზება გამოიწვია", — წერს Reuters.
მსგავსი სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-იც და აღნიშნავს, რომ საქართველოს, რომელმაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, მეზობელთან "დაძაბულობის გრძელი ისტორია" აქვს.
"რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებულია ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსების ემიგრაცია მოხდა," - წერს ბრიტანული გამოცემა და ისიც აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ქართული საზოგადოებრივი აზრი პროუკრაინულია.
შეგახსენებთ, რომ “ბლეკ სი არენაზე” გუშინ გამართულ კონცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია".
თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა - ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
კონცერტის დასრულებიდან მალევე, The Killers-მა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადა Black Sea Arena-ს გუნდმაც.
0
0