22/09/2022
14:02
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯარის გასაძლიერებლად ყველა რესურსის მობილიზება შეუძლია, მაგრამ რუსეთს არ აქვს ახალი ჯარის წვრთნისა და მისი იარაღით უზრუნველყოფის საშუალება, რაც მათ უკრაინაში საბრძოლველად დასჭირდებათ უახლოეს მომავალში.
ოთხშაბათს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეების დაუყოვნებელი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ბრძანება გასცა. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. თუ რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე უკრაინელ სამხედროებს დაუპირისპირდებიან, სავარაუდოდ, ისინი პუტინის მიერ წამოწყებული ომის ახალი მსხვერპლი გახდებიან.
„ამჟამად, რუსული არმია 300 000 რეზერვისტის სწრაფად და ეფექტურად განლაგებისთვის სათანადოდ აღჭურვილი არ არის“, - თქვა ლონდონის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის -Sibylline-ის - ექსპერტმა ალექს ლორდმა.
უკრაინის ბოლო კონტრშეტევამ, რომლის დროსაც კიევმა ათასობით კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიბრუნა, რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, დასავლელი ექსპერტებისა და უკრაინის დაზვერვის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთმა ზოგიერთ ქვედანაყოფში სამხედრო ძალის 50%-90% დაკარგა. ღია მონაცემებისა და სადაზვერვო ცნობების ვებსაიტმა Oryx-მა მხოლოდ ფოტო ან ვიდეო მასალებით დადასტურებული დანაკარგების მიხედვით, აღმოაჩინა, რომ ბრძოლის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა დაკარგეს 6,300-ზე მეტი ჯავშანმანქანა, მათ შორის 1,168 ტანკი.
”პრაქტიკულად, მათ არ აქვთ საკმარისი თანამედროვე აღჭურვილობა… ამდენი ახალი ჯარისკაცისთვის”, - თქვა Oryx-ის სამხედრო ანალიტიკოსმა ჯაკუბ იანოვსკიმ.
Sibylline-ის აღმასრულებელი დირექტორისა და ბრიტანეთის არმიის ვეტერანის, ჯეი თი ქრამბის თქმით, რუსეთი გარკვეული კალიბრის საბრძოლო მასალის დეფიციტის წინაშე დგას და ძირითადი კომპონენტების რესურსს ეძებს, რათა შეძლოს ბრძოლის ველზე დაკარგული იარაღის შეკეთება ან მათი ჩანაცვლება.
ოთხშაბათს, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ბრძანების გაცემის მიუხედავად, პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომს კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა იციან, რომ ისინი სამშობლოსთვის იბრძვიან. ბევრმა რუსმა ჯარისკაცმა კი არ იცის, რისთვის არიან უკრაინაში ბრძოლის ველზე. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პუტინის მიერ გაცემულ ბრძანებას რუსეთის მოქალაქეების „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ „სასოწარკვეთილების ნიშანი“ უწოდა.
ექსპერტების თქმით, თუნდაც რუსები ყველა საჭირო იარაღით უზრუნველყოფილნი და საბრძოლოდ განწყობილნი ყოფილიყვნენ, 300,000 ჯარისკაცის სწრაფად გაწვრთნა შეუძლებელი იქნებოდა.
„ამჟამად რუსეთში არც დამატებითი სამხედრო ოფიცრები ჰყავთ და არც მასობრივი მობილიზაციისთვის აუცილებელი ობიექტები არსებობს“, - თქვა ტრენტ ტელენკომ, აშშ-ის თავდაცვის სფეროში კონტრაქტების მართვის სააგენტოს ხარისხის კონტროლის ყოფილმა აუდიტორმა, რომელმაც რუსული ლოგისტიკა შეისწავლა.
Sibylline-ის ექსპერტმა ალექსანდერ ლორდმა თქვა, რომ რუსი რეზერვისტების შეკრებას, მომზადებასა და განლაგებას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება. ”ამ დროს უკრაინაში შუა ზამთარი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლის ველზე რეზერვისტების შემოდინებამ სერიოზული გავლენა მოახდინოს 2023 წლის გაზაფხულამდე – და მაშინაც კი, სავარაუდოდ, ისინი ცუდად მომზადებულნი და არასაკმარისად აღჭურვილნი იქნებიან”, - თქვა ლორდმა.
მარკ ჰერტლინგმა, აშშ-ის არმიის ყოფილმა გენერალმა და CNN-ის ანალიტიკოსმა, თქვა, რომ რუსულ საწვრთნელ ცენტრებში ვიზიტისას მან უშუალოდ დაინახა, რამდენად ცუდად იწვრთნებოდა რუსული ჯარი. ”საშინელება იყო... პრიმიტიული პირველადი დახმარება ჰქონდათ, რესურსების დაზოგვის მიზნით, ძალიან ცოტა სიმულაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სერჟანტების მიერ გამოვლენილი საშინელი მართვა. ახალბედების ფრონტის ხაზზე გაშვება, რომელთაც ისედაც დაბალი საბრძოლო მორალი აქვთ და არ სურთ, რომ ომში გააგზავნონ, კიდევ უფრო ცხადყოფს რუსულ კატასტროფას. ყბა ჩამომივარდა... ”, - წერს ჰერტლინგი Twitter-ზე.
2008 წლის რეფორმებმა, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსული არმიის მოდერნიზებასა და პროფესიონალიზაციას, მრავალი ლოგისტიკური და სამეთაურო კონსტროლის სტრუქტურა გააუქმა - ისინი ოდესღაც საბჭოთა კავშირის დროინდელ სახმედრო ძალებს საშუალებას აძლევდა სწრაფად მოემზადებინათ და აღეჭურვათ დიდი რაოდენობის წვევამდელები.
0
0