04/10/2024
16:20
მსოფლიო
რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, განაცხადა დიდ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, კრემლში რეალურად ფიქრობდნენ, რომ ტრამპი უკრაინაში შეჭრას აშშ-ის და მსოფლიო წესრიგის შეურაცხყოფად აღიქვამდა და „მკაცრ ზომებს მიმართავდა“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მოხდა მაშინ, როცა ის პრეზიდენტი აღარ იყო. ეს მოხდა 2014 წელს, როცა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, და 2022 წელს, ჯო ბაიდენის დროს. ჯონსონი ამ დებულებას ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ არის.
„ტრამპის ერთ-ერთ ღირსებად მისი აბსოლუტური არაპროგნოზირებადობა წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ როგორ ვუყურებ მე იმას, როგორ იქცეოდა ის საერთაშორისო ურთიერთობებში და ვადარებ იმას, თუ რას ლაპარაკობდა მასზე ხალხი“, - თქვა ჯონსონმა.
„მან გამოაძევა 60 რუსი ჯაშუში. ის უფრო ხისტი იყო სირიასთან მიმართებაში, ვიდრე „დემოკრატების“ ადმინისტრაცია. ის ხისტი იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიმართ, ხოლო შემდეგ მან უკრაინელებს Javelin-ი მისცა“, - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
ჯონსონი არ ფიქრობს, რომ უკრაინას ტრამპის გაპრეზიდენტების უნდა ეშინოდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ უკრაინის ბრძოლა აბსოლუტურად ეგზისტენციალურია ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, თუ უკრაინა დამარცხდება, ეს აბსოლუტური კატასტროფა იქნება. და მას ეს ესმის“, - დასძინა მან.
0
0