05/04/2022
15:19
მსოფლიო
აფხაზი ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფი უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„ჩვენ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც 30 წლის წინ ომი გადავიტანეთ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ადამიანების მსხვერპლი ორივე მხრიდან მხოლოდ კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ სადავო საკითხებს, რომელთა გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის აუცილებელი.
გლობალურმა დაპირისპირებამ, რომელიც დღითი დღე მწვავდება, თითქმის მთელ პლანეტაზე ცხოვრების დონე დაწია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს, რომელიც ყველასთვის კატასტროფას მოიტანს. ჩვენ, ადამიანები ძალიან ფაქიზი არსებები ვართ. თუ ჩვენ საერთო ადამიანურ ფასეულობებს დავივიწყებთ, შეიძლება ყველაფერი ცოცხალი გავანადგუროთ. მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ და საღი გონიერებისკენ ყველას, ვისაც შეუძლია სისხლისღვრის და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის არდაშვება“, - წერია განცხადებაში.
მოწოდებას ხელს აწერენ საიდა ალანია, ლარისა კაცია, ასტანდა გიცბა და სხვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი პირები. პუბლიკაციამ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, ნაწილი ამ მოწოდებას მხარს უჭერს, ნაწილი კი მას პროვოკაციას უწოდებს.
განცხადება ადგილობრივმა ჟურნალისტმა და ლიტერატურის მცოდნემ ნადეჟდა ვენედიქტოვამ გაავრცელა
0
0