08/10/2024
10:39
მსოფლიო
შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადაეცემათ ამერიკელ მეცნიერებს ვიქტორ ამბროსს და გარი რუვკუნს მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისა და პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში მისი როლის განსაზღვრისთვის. როგორც BBC-ი წერს, მათი აღმოჩენებით შესაძლებელი ხდება გაირკვეს, თუ რამდენად რთული იყო დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის პროცესი და როგორ შეიქმნა ადამიანის სხეული სხვადასხვა ქსოვილებისგან.
მიკრო-რნმ-ები გადამწყვეტ როლს ასრულებს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში გენების რეგულირებაში.
ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი იდენტურ გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც შენახულია ჩვენს დნმ-ში. თუმცა, ადამიანის სხეულის უჯრედები რადიკალურად განსხვავებულია ფორმითა და ფუნქციით. ნერვული უჯრედების ელექტრული იმპულსები გულის უჯრედების რიტმული ცემისგან განსხვავდება. გენების აქტივობა გამუდმებით უნდა დაიხვეწოს, რათა უჯრედული ფუნქციები ჩვენს სხეულსა და გარემოში პირობების შეცვლასთან ადაპტირდეს.
ამერიკელი მეცნიერები ამბროსი და რუვკუნი დაინტერესებულნი იყვნენ გენებით, რომლებიც სხვადასხვა გენეტიკური პროგრამის დროში განაწილებასა და აქტივაციას აკონტროლებს და უჯრედის სხვადასხვა ტიპი შესაფერის დროს განვითარებას უზრუნველყოფს. ისინი ჭიების ორ მუტანტ შტამს lin-4-სა და lin-14-ს სწავლობდნენ, რომლებსაც განვითარების დროს დეფექტები აღენიშნებოდათ გენეტიკური პროგრამების აქტივაციის დროში განაწილებისას. აღმოჩნდა, რომ lin-4 გენი lin-14 გენის უარყოფითი რეგულატორი იყო. თუმცა, გაუგებარი იყო, როგორ იბლოკებოდა lin-14-ის აქტივობა. საბოლოოდ, მკვლევარებმა გენების რეგულირების ახალი პრინციპი აღმოაჩინეს.
მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში პრემიის ლაურეატები შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ აირჩია.
„მათმა ინოვაციურმა აღმოჩენამ გამოავლინა გენის რეგულირების სრულიად ახალი პრინციპი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის. უკვე ცნობილი გახდა, რომ ადამიანის გენომი 1000-ზე მეტ მიკრო-რნმ-ს შიფრავს. გენების არასწორად წარმართულმა რეგულირებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, მათ შორის, კიბო, დიაბეტი, თანდაყოლილი სმენის დაქვეითება, ჩონჩხის დარღვევები. ჭიაყელა C. elegans-ში ამბროსისა და რუვკუნის აღმოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო, თუმცა ნათელი მოეფინა გენების რეგულირების ახალ განზომილებას, რომელიც გადამწყვეტია სიცოცხლის კომპლექსური ფორმებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
გამარჯვებულებს ასევე 11 მილიონი შვედური კრონი გადაეცემათ.
0
0