21/01/2024
21:51
კულტურა
ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი - „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი, - აცხადებს დათო მაღრაძე.
„თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ქართული კულტურა!
ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი - „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა, რადგან მას დღევანდელობის სარკმლიდან შეუძლია, დაინახოს და არ გამორჩეს არტისტის შემოქმედების და ყოფის ყველა ის მთავარი ნიუანსი, რაც ქმნის ქართულ დღესასწაულს.
„ქართული თეატრის ამბავით“ ითქვა, რომ არტისტი ყოველთვის მართალია... მაშინაც, როცა ის უმადურია და რეჟისორს აძევებს თეატრიდან და მაშინაც, როცა ის შემდგომ, საკუთარ მსხვერპლს გულწრფელად დასტირის. არტისტი ყოველთვის მართალია, რადგან საკუთარ ცხოვრებას ის მთლიანად
სწირავს ჩვენს ცრემლსა და ღიმილს.
ნიკა წულიკიძემ ქართული თეატრის მაგალითზე წარმოაჩინა, ზოგადად, ქართული კულტურის ზოგადსაკაცობრიო და ნაციონალური ხასიათი, ანუ რით ვგავართ დანარჩენ სამყაროს და რა განგვასხვავებს მისგან. სპექტაკლიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ისტორია არ ნიშნავს წარსულს და რომ ისტორია სამივე დროის კუთვნილებაა, რადგან თანაგრძნობა წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთ ღვთაებრივ დროდ გარდაქმნის.
„ქართული თეატრის ამბავი“ ის შემთხვევაა, როცა წვეთში ოკეანე ირეკლება და წამში მარადისობაა მოხელთებული.
მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ „ქართული თეატრის ამბისათვის“ იპოვოს დრო და მონახოს ადგილი ან პარტერში, ან ტელეეკრანთან, რადგან: - თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ქართული კულტურა!“, - აცხადებს დათო მაღრაძე.
0
0