17/11/2024
19:37
პოლიტიკა
ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მისი თქმით, სამშობლოს გათავისუფლებაში დღეს ყველა სხვადასხვა ფორმითაა ჩართული.
„ტყუილი არ მიიღო არამარტო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არამედ რიგითმა ქართველმა ამომრჩეველმაც, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ ჩვენი სამშობლო გავათავისუფლოთ. ამ პროცესში ვართ, ყველა სხვადასხვა ფორმით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას შეეხებოდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევა „საკუთარ თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს“.
„ვფიქრობ, რომ ძალიან ერთმნიშვნელოვნად და მარტივად არის საქმე. ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც ვინც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს. ვნახავთ, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ვინ რა ფორმით გაკეთებს ამას. ამაზეა დღეს საუბარი. უბრალოდ, ძალიან მარტივია, ყველა თავის თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს და ვნახოთ რა მოხდება. რეალურად, ეს ამ ერთპარტიულ პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას არ შესძენს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.
0
0