03/10/2024
15:49
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს შეუძლია დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, თუმცა მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატო-ს ახალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოლოდინი, რომ ალიანსის ქვეყნები შეცვლიან პოზიციას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრინციპულ განსხვავებას ისრაელისა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას შორის.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე და მეზობლებთან ურთიერთქმედებაზე. ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, როგორ ხერხდება ახლო აღმოსავლეთში ადამიანების სიცოცხლის დაცვა მოკავშირეების ერთიანობის წყალობით. ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსულ და ირანულ რეჟიმებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე ნატო-ში პოზიცია შეიცვლება.
„პარტნიორების მეტი გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში. ეს არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად. მომავალშიც გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0