03/10/2024
13:56
მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაგეგმილი რეფერედუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრორუსი ოლიგარქი ილან შორი მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას ცდილობს.
„მოლდოვა დგას ამომრჩეველთა მოსყიდვის ფენომენის წინაშე, რომელიც შერწყმულია ჰიბრიდულ ომთან და დეზინფორმაციულ კამპანიასთან, რაც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს“, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ მოლდოვის პოლიციის უფროსმა, ვიორელ ჩერნაუცანუმ განუცხადა.
მოლდოვის სამართალდამცავების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხოლოდ სექტემბერში მოლდოვის 130 000-ზე მეტი მოქალაქის საბანკო ანგარიშებზე 15 მილიონ დოლარზე მეტი ჩაირიცხა.
„ეს „მაფიოზური სტილის“ ქსელი, რომელიც მოსკოვიდან იმართება, მიზნად ისახავს ამომრჩევლებზე ზეგავლენას საპრეზიდენტო არჩევნებისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაგეგმილი რეფერენდუმის წინ“, – განაცხადა ჩერნაუცანუმ.
გამომძიებელთა თქმით, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით შემუშავებული ფულის გათეთრების სქემაში, მოლდოვაში აკრძალული პრორუსული პარტიის დამფუძნებელი, ილან შორი, ფიგურირებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ფულის დარიგება ასევე ხდებოდა მესენჯერ „ტელეგრამის“ პლატფორმის მეშვეობით.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ილან შორის მოკავშირეები და კრემლი აგიტაციას ეწევიან, რომ მოქალაქეებმა 20 ოქტომბერს დაგეგმილ რეფერენდუმზე ხმა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცენ, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუჭირონ მხარი მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს.
ცნობისთვის, ილან შორის პარტია, 2023 წელს მოლდოვაში არაკონსტიტუციურად გამოცხადდა და აიკრძალა. მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ილან შორი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს სხვა პრორუსულ ოპოზიციურ ჯგუფებთან.
მანამდე მოლდოვის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში დაგეგმილი რეფერენდუმისა და არჩევნების წინ რუსეთმა პროპაგანდისა და დაშინების გზით „უპრეცედენტო შეტევა“ წამოიწყო.
„რუსეთი დაახლოებით 100 მილიონ ევროს დახარჯავს მოლდოვის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევაზე“, – განაცხადეს მოლდოვის ხელისუფლებაში.
მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიანიჭეს. წელს ზაფხულში კი, მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
ევროკავშირმა სამოქალაქო მისია კანდიდატ ქვეყანაში გააგზავნა, რათა დაეხმაროს მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მდგრადობის გაძლიერებაში.
0
0