21/09/2022
12:34
მსოფლიო
მოძრაობა "ვესნამ" გამოაცხადა სრულიად რუსეთის საპროტესტო აქციის გამართვა სახელწოდებით "ნეტ მოგილიზაციი", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19 საათზე შეიკრიბონ.
"ათასობით რუსი მამაკაცი - ჩვენი მამები, ძმები და ქმრები - ომის ხორცსაკეპში იქნება ჩაყრილი. რისთვის უნდა დაიღუპონ ისინი? რატომ უნდა დაღვარონ ცრემლი დედებმა და შვილებმა? პუტინის სასახლისთვის? ამიერიდან ომი მართლაც ყველას სახლში შემოვა", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
აქციის გამართვის ადგილს მოსკოვსა და პეტერბურგში ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაცხადებენ.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ვიდეომიმართვაში, რომლითაც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, პუტინი გასულ საღამოს უნდა გამოსულიყო, თუმცა, დღეს დილით აჩვენეს, მან განაცხადა, რომ "სამობილიზაციო ღონისძიებები დაიწყება დღეს, 21 სექტემბერს".
0
0