07/01/2025
17:32
სოც-ქსელები
კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და მის პლატფორმებზე Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, კონტენტის მოდერაციის არსებულმა მეთოდებმა „ძალიან შორს შეიყვანა“ ისინი.
„ჩვენ ჩვენს საწყისებს დავუბრუნდებით და შეცდომების შემცირებაზე, პოლიტიკის გამარტივებასა და ჩვენს პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების აღდგენაზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - ციტირებს Fox News-ი კომპანია Meta-ს გენერალურ დირექტორს მარკ ცუკერბერგს.
„კერძოდ, ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ ფაქტების შემმოწმებლებზე და მათ Communitiy Notes-ით ჩავანაცვლებთ, როგორც ეს X აქვს გაკეთებული“, - დასძინა ცუკერბერგმა.
ფაქტების შემოწმების პროგრამა Meta-მ 2016 წელს აშშ-ის არჩევნების შემდეგ შემოიღო და კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. თუმცა, მოგვიანებით, კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ეს სისტემა „პოლიტიკური ზეწოლის“ გამო შემოიღეს და ის ძალიან შორს შევიდა.
„ჩვენ ფაქტების შესამოწმებლად დამოუკიდებელ შემმოწმებლებს მივმართეთ, თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ისინი ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და ამოწმებენ ყველაფერს, რასაც პლატფორმაზე ხედავენ“, - თქვა გლობალურ საკითხებში Meta-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯოელ კაპლანმა.
კაპლანის თქმით, Meta სრულად შეწყვეტს ფაქტების გადამოწმების ასეთი ტიპის პროგრამას და მას სოციალურ ქსელ X-ზე მოქმედი მსგავსი მოდელით ჩაანაცვლებს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბევრად უკეთესი მიდგომაა, ვიდრე ე.წ. ექსპერტებს დავეყრდნოთ, რომლებიც პროგრამაში პირადი აღქმებით ხელმძღვანელობენ“, - დასძინა კაპლანმა.
Fox News-ის მიერ მომზადებულ მასალაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ცუკერბერგის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართულ სადილს დაემთხვა.
0
0