08/01/2025
16:58
საზოგადოება
Henley Passport Index-ის 2025 წლის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი სინგაპურს აქვს. სინგაპურის პასპორტით უვიზო მოგზაურობა 195 ქვეყანაშია შესაძლებელია. სინგაპურს რეიტინგში მოსდევს იაპონია (193 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა); ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა და ესპანეთი (192 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე სუსტი პასპორტი აქვს ავღანეთს, რომლის დოკუმენტითაც მოგზაურობა 26 ქვეყანაშია შესაძლებელი. ავღანეთს რეიტინგში მოსდევს სირია 27 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით, ერაყი - 31 ქვეყანაში მიმოსვლით, იემენი და პაკისტანი 33 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით.
საქართველო Henley Passport Index-ის 2024 წლის რეიტინგში 45-ე ადგილზე იყო, 2025 წლის რეიტინგში კი 44-ე ადგილს იკავებს. მონაცემების თანახმად, ქართული პასპორტით უვიზო მიმოსვლა ამ ეტაპზე 122 ქვეყანაში არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. საქართველოს შემდეგ პასპორტის სიძლიერით მეორე ადგილს რუსეთი და თურქეთი იკავებენ. რეიტინგში ორივე ქვეყანა 46-ე ადგილს ინაწილებს 116 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, რეიტინგში 70-ე ადგილს 72 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობით იკავებს აზერბაიჯანი. მას კი მოსდევს სომხეთი 74-ე ადგილითა და 68 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.
ცნობისთვის, Henley Passport Index-ის რეიტინგი გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო მოგზაურობა. რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება და მოიცავს 199 პასპორტს და 227 ქვეყანას.
0
0