30/09/2023
12:39
კულტურა
კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსა და ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც უძღვებოდა მინისტრის პირველი მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იოსებ ბაღათურია, რომელიც კურირებს სამართლებრივ საკითხებს და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენს სამინისტროს. შეხვედრას ასევე დაესწრო სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრები, ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და კონსერვატორიის სხვა წარმომადგენლები. დისკუსიაში დისტანციური რეჟიმით ჩაერთო კონსერვატორიის ამჟამინდელი რექტორი ნანა შარიქაძეც, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.
შეხვედრაზე კონსერვატორიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც ახალი რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა და განიხილეს რექტორის მოახლოებული არჩევნებისთვის ამ ხარვეზის გამოსწორების ფორმები და გზები. დამსწრე პირებს საშუალება მიეცათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები და მიეღოთ შესაბამისი პასუხები სხვადასხვა სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით.
შეთანხმდა, რომ კონსერვატორია იმსჯელებს ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის სტატუსზე და გონივრულ ვადაში წარმოადგენს დებულების ახალ ვერსიას დადგენილი სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.
სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას რექტორის არჩევნების კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
0
0