10/05/2024
20:25
ეკონომიკა
"ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ შინაარსობრივად ცვლილებები მოხდება", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე კომენტირებისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია კანონპროექტს არ გაიწვევს.
"ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, მე ისეთი დასკვნა გამომაქვს რომ შინაარსობრივად რაღაც ცვლილებები მოხდება. გაწვევის შთაბეჭდილება არ დამრჩა იმიტომ, რომ პრობლემა არის სახელშივე, რომ რუსული კანონია. ეს კი საზოგადოებისთვის პრობლემაა და ეს დავაფიქსირე. უშველებელი ბიზნეს საზოგადოება იყო შეხვედრაზე, სერიოზული საუბარი იყო. ცვლილების რესურსი არსებობს, რომ ეს კანონი სხვანაირი იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ რაც არ უნდა იყოს, რუსული კანონი არის პრობლემა. ბიზნესზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა არ ყოფილა, ბიზნესზე ზეწოლა როგორ უნდა მოახდინოს. ყველა ბიზნესმენს თავისი ცხოვრების სტილი აქვს. ის რომ ევროპისკენ არის ჩვენი გზა გარდაუვალად, კობახიძემ გამოაცხადა ჩვენს წინაშე, რაღაც ცვლილებები შეიძლება დისკუსიის შემდეგ მოხდეს და შერბილდეს. ჩემი პოზიციაა, რომ რუსული კანონის სახელი რომ ჰქვია, ეს თემა მარტივად არ დამთავრდება. ძირითადი საუბარი დაეთმო იმას, რომ ბიზნესი უნდა იყოს სტაბილური, მოთხოვნა სერიოზული არ მქონია, იმიტომ რომ ბიზნესმა თავის თავს თვითონ უნდა მოუაროს და გაძლიერდეს. განწყობა იყო ისეთი, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
0
0