05/01/2025
23:43
სამართალი
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა მოხდა.
“მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს რომელთაც ბრალად ედებათ უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა. დაზარალებულები, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეები არიან.
სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა რომელსაც ადგილობრივების თქმით აღენიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილებს პოლიცია სოფელ ნაკრაში ეძებს, რომელთა ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია,“ - ავრცელებს “სვანეთის სათემო რადიო“.
შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებს. თუმცა არსებობს მომხდარის შესახებ ორი ვერსია.
ერთ-ერთი ვერსიით ტურისტ ცოლ-ქმარს თავს ორი ახალგაზრდა დაყაჩაღების მიზნით დაესხა თავს.
მეორე ვერსიით კი თავდამსხმელებს უნდოდათ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გატაცება, რაშიც ქალის მეუღლემ შეუშალა ხელი და თავდამსხმელებმა მამაკაცი სავარაუდოდ გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ქალი უკვე გამოიკითხა. არსებული ინფორმაციით მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან თავდამსხმელებმა მასზე იძალადეს.
“კაცი მოკლული არის სავარაუდოდ, ქალზე იძალადესო,“ - აცხადებს ადგილობრივი, რომლის ვინაობა არ სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე {რაც ყაჩაღობას გულისხმობს} და 236-ე {რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს} მუხლებით მიმდინარეობს.
0
0