05/04/2022
13:06
მსოფლიო
უკრაინას ჯერ არ მიუღია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ დადასტურებული თანხმობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე, მაგრამ ჩანს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო მზადაა, სხვადასხვა გარანტიის გასაცემად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები არაერთ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმებები და ქვეყნების სია ჯერ არ არსებობს.
„ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია გარანტიების ან იმ ქვეყნების კონკრეტული სია, რომლებიც მზად არიან, სრულად ჩაერთონ თქვენთვის. ჩვენ არ გვჭირდება მსოფლიოს 40 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან, ბრძანებით, მოწოდებით, შეთანხმებით შეუერთდნენ და იბრძოლონ უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, გვჭირდება სახელმწიფოთა წრე, რომლებიც მზად არიან, უზრუნველყონ ნებისმიერი იარაღი 24 საათის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ცალკეული ქვეყნები, რომლებზეც სანქციების პოლიტიკა ნამდვილადაა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საუბარი არ არის გარანტიების ერთიან სიაზე თითოეული გარანტორი ქვეყნისთვის. აქვე მან დაამატა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, შედგეს შეხვედრა გარანტორი ქვეყნების მრჩევლებთან.
0
0