31/10/2021
15:01
პოლიტიკა
ესაა პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ ეს შევძელით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. „სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების საფუძველი“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან მან საზოგადოებას შეახსენა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, 6-თვიანი ხელოვნური კრიზისი, ორი დამნაშავის გათავისუფლება. „ამ მოვლენებმა არჩევნების წინ ბუნებრივია დამატებითი სირთულეები შექმნა, თუმცა სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით, ჩვენ ამ სირთულეების დაძლევა წარმატებით შევძელით. ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის გამარჯვება. მადლობას ვუხდი პარტიის 40-ათასამდე წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0