26/09/2023
20:38
ეკონომიკა
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება, რაც დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებს და მისი მხრიდან ხაზი გაესვა ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას.
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
0
0