02/04/2023
14:18
კულტურა
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა ფოტოკონკურსის "ოჯახური კავშირები“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
მათ "ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს და თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებულმა 1 000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.
გამარჯვებული საქართველოდან ნათელა გრიგალაშვილი გახდა პროექტით, "ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“.
დაჯილდოების ცერემონიას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულებს ჯილდოები თავად გადასცა.
ელჩის თქმით, ამ ფოტოკონკურსის დახმარებით ევროკავშირი სიამაყით ადასტურებს მის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც "რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას“.
ქართველი გამარჯვებული ნათელა გრიგალაშვილი, თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა სოფელში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფია, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში პრესის ფოტოგრაფად, ბოლო 15 წელია კი თავისუფალი ფოტოგრაფია. მისი გამარჯვებული პროექტი, “ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები”, მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.
0
0