25/11/2024
11:05
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა ბიზნესმენმა დევიდ კრისპმა აღიარა, რომ რუსეთში თავის ძვირადღირებულ სუნამოებს არალეგალურად ყიდდა, რისთვისაც ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ არის. დევიდ კრისპმა ანონიმურ გამომძიებელს განუცხადა, რომ მან „უგულებელყო სანქციების შესახებ მთავრობის მიერ გაცემული განკარგულებები“ და რუსეთში სუნამო Boadicea the Victorious-ს ფლაკონები [თითოეულის ღირებულება - 1000 ფუნტი] გაყიდა.
დევიდ კრისპმა სანქციების „შეგნებულად“ დარღვევა და რუსეთთან ფარული ვაჭრობის წარმეობა უარყო. BBC-ის განმარტებით, თითქმის სამი წლის წინ უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციების დარღვევისთვის გაერთიანებულ სამეფოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუცია.
დევიდ კრისპს მაღალი კლასის სუნამოები მსოფლიო მასშტაბით ექსპორტზე გაჰქონდა და რეგულარულად ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობდა, რომლებმაც არ იცოდნენ რუსეთში მისი საქმიანობის შესახებ. 2023 წლის ივლისში, დალასის ძვირადღირებულ სასტუმროში, კრისპმა ამერიკელთან „მეგობრული“ საუბარი წამოიწყო ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ სინამდვილეში კერძო გამომძიებელს ესაუბრებოდა. აგენტმა კრისპს თავი ლას-ვეგასელ ბიზნესმენად გააცნო და თქვა, რომ დაინტერესებული იყო მისი სუნამოებით. ისინი მოგვიანებით კრისპის სასტუმროს ნომერში ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც გამომძიებელმა ფარულად ჩაიწერა საუბარი: გამომძიებელი: "როგორ მიდის თქვენი საქმიანობა რუსულ ბაზარზე?" კრისპი: "არავის უთხრა ამის შესახებ. ძალიან კარგად მიდის.... ჩვენ მთავრობის მიერ გაცემულ განკარგულებებს ვაიგნორებთ.”
როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვალში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დააწესა, რომლებიც კრძალავს რუსეთთან ვაჭრობას რამდენიმე სფეროში - სუნამოები კონკრეტულად არის დასახელებული. ამ წესების დარღვევა მძიმე დანაშაულია და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სანქციების დაწესების შემდეგ, კრისპი თავის მაშინდელ ბიზნესპარტნიორს, დევიდ გაროფალოს, რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ დათანხმდა. თუმცა გაროფალო მოგვიანებით დაეჭვდა, როდესაც „განგაშის ამტეხმა“ [მამხილებელმა] განაცხადა, რომ კრისპი მოსკოვში სუნამოების ექსპორტს კვლავ აწარმოებდა. გაროფალომ კერძო გამომძიებლები დაიქირავა. მისმა კომპანიამ ასევე „მტკიცებულების დოსიე“ შეადგინა, რომლის თანახმად, კრისპმა შეგნებულად დაარღვია სანქციები.
„დიდ ბრიტანეთში არსებულ კომპანიის საწყობებში თანამშრომლებმა პროდუქციის კონტეინერები აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთში იგზავნებოდა. ასევე სანქციების შემდეგ გამოშვებული სუნამოები მოსკოვში ექსპორტირებული იპოვეს. ის [კრისპი] ცდილობდა, დაემალა, რომ რუსეთში სუნამოებს ყიდიდა“, - თქვა გაროფალომ.
როგორც BBC-ი წერს, გაროფალომ რუსეთში კრისპის ბიზნესის შეჩერება შეძლო. დიდი ბრიტანეთის შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურმა კრისპი, 2023 წლის ოქტომბერში, გეტვიკის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს და მას პასპორტი ჩამოართვეს. დევიდ კრისპმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, გაამართლებენ.
„კრისპის საქმე ცალკეული შემთხვევა არ არის. სანქციების დამრღვევ პირთა დაუსჯელობა „ცუდი სიგნალია“ და, ამ მხრივ, დიდი ბრიტანეთი „მოკრძალებული“ ჩანს. რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრებული ზომების მიღება აუცილებელია. თუ არ განვახორციელებთ სისხლისსამართლებრივ დევნას, ვინ შეუშლის ხელს სანქციების დარღვევას? ქვეყნები, მათ შორის აშშ, ჩვენზე ბევრად წინ არიან სანქციების აღსრულების კუთხით,“ – განუცხადა BBC-ს კონსერვატიულმა დეპუტატმა იენ დუნკან სმიტმა.
0
0