11/11/2022
10:08
კონფლიქტები
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ან საქართველოს რეგიონებში, არ იქნება აღიარებული, ხოლო მისი მფლობელი ვერ მიიღებს ვიზას და ვერ გადაკვეთს შენგენის ზონის საზღვრებს.
„რუსეთის სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია ამ რეგიონებში, უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
0
0