23/09/2024
14:56
პოლიტიკა
ეს არის არჩევნების წინ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზეწოლა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის სენატის მიერ 25 სექტემბერს განსახილველ აქტზე და შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას.
„ფაქტობრივად, ეს არის მოსახლეობის დაშანტაჟება რაღაც კონკრეტული გზავნილებით. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ ეს აქტი იქნება აქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის მომტანია, რადგან ის წინაპირობა, რომელიც ამ აქტის მიღებას უძღვის, მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რომ ამ აქტს გარკვეულწილად შანტაჟის სახე ექნება ქვეყანასთან მიმართებაში. არჩევნების წინ ჩვენი მოსახლეობის წინაშე სანქციებით საუბარი სრულიად არასწორად მიმაჩნია“, - აღნიშნა კახიანმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს, - ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.
0
0