12/11/2024
00:54
კონფლიქტები
ტელეგრამ არხების ცნობით, მოულოდნელად, აფხაზურმა ე.წ. “მილიციამ” ექვსი ოპოზიციური ფიგურა ძალადობრივი მეთოდებით დააკავა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს და დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
მედიის ცნობით, შეკრებილების მოთხოვნაა „ოპოზიციაში მყოფი უკანონოდ დაკავებული პირების“ გათავისუფლება, რომლებიც „რუსული ინვესტიციების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.
გარდა ამისა, მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხი ცდილობდა შენობაში შესვლას.
მანამდე ტელეგრამარხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს კენჭი უნდა უყარონ. ეს ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორატიული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის მიღება საზიანო იქნება ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას.
0
0