20/01/2025
14:48
პოლიტიკა
ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის თაობაზე რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.
„ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით, ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
0
0