20/01/2025
17:08
სამართალი
14 მაისს აქციის დროს პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირები მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, თუმცა ციხეში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა დანაშაული აღიარეს.
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
როგორც საბა მეფარიშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
"შეგვიძლია თუნდაც ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მივმართოთ პენიტენციურ დაწესებულებას და ამას პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იხილავს და ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი მიიღებენ გონივრულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას. შევეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში შევიტანოთ პრეზიდენტზე იმ თხოვნით, რომ შეიწყალოს ეს ახალგაზრდები და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს,“ – აცხადებს დავით გამყრელიძე.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი, ნუგზარ ჭიტაძე ამბობს, რომ ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი გახდა.
"ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც გახდა საფუძველი მათ მიმართ სახელმწიფოს გაეწია შეღავათი და აღნიშნული პირობით, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ასევე, მათ აანაზღაურეს ზიანი და განაცხადეს, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს," - აცხადებს პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
0
0