10/03/2024
11:18
კონფლიქტები
ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც SPNEWS-ს ადგილობრივები ეუბნებიან, სატვირთო შემადგენლობების გამო რკინიგზისა და საავტომობილო გზების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დღისითაც კი ფერხდება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ლიანგადზე რუსული სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების კომპანიის “ნოვოტრანსის” შემადგენლობა დგას, საავტომობილო მოძრაობა კი შეჩერებულია. ადგილობრივების თქმით, წლების განმავლობაში ასეთი შემთხვევა არ ახსოვთ. საგულისხმოა, რომ თავად კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
როგორც SPNEWS-სთან საუბარში სოხუმში გამომავალი გაზეთის “ჩეგემსკაია პრავდას” მთავარმა რედაქტორმა, მიმომხილველმა ინალ ხაშიგმა აღნიშნა, ოჩამჩირის პორტი აფხაზეთის პორტებს შორის სატვირთო გადაზიდვების კუთხით ყველაზე მეტად არის დატვირთული.
“სატვირთო გადაზიდვების შესახებ რკინიგზის ანგარიშების მიხედვით, ოჩამჩირის პორტი აფხაზეთში ყველაზე დატვირთულია და მოცულობები ყოველწლიურად იზრდება. ბოლო ორ წელიწადში ტრანზიტული გადაზიდვები ძალიან გაიზარდა” - აღნიშნა ინალ ხაშიგმა.
მისივე თქმით, ოჩამჩირის პორტით სარგებლობა რუსი ბიზნემენებისთვის ხელსაყრელია.
“რუს ბიზნესმენებს ოჩამჩირიდან გადაზიდვა გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე რუსეთის პორტებით სარგებლობა”, - აღნიშნავს ინალ ხაშიგი.
აფხაზი მიმომხილველი SPNEWS-სთან საუბარში ასევე იხსენებს, რომ ოჩამჩირის პორტისკენ რკინიგზის ხაზის მოდერნიზება ჯერ კიდევ ორი წლის წინ განხორციელდა, რომ გემებიდან დიდი მოცულობის კონტეინერების გადმოტვირთვა ყოფილიყო შესაძლებელი.
ჯერჯერობით, უცნობი რჩება, გარდა ეკონომიკური პროცესებისა, უკავშირდება თუ არა ოჩამჩირის მიმართულებით ტვირთების ნაკადის ზრდა რუსეთის ფედერაციის გეგმას, ოჩამჩირეში საკუთარი საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განათავსოს.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოჩამჩირეში რუსეთი სრულფასოვანი საზღვაო ბაზის განთავსებას ფიზიკურად ვერ შეძლებს.
“ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის სრულფასოვნად განსათავსებლად მინიმუმ 20-30 წლიანი სამუშაო იქნება საჭირო, სხვაგვარად იქ რამდენიმე გემზე მეტი ფიზიკურად ვერ მოთავსდება. ვფიქრობ, ოჩამჩირის ბაზა რუსეთს უფრო იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი სამხედრო გემები ოფიციალურად და ფორმალურად რომელიმე პორტზე იყოს მიწერილი, იქ იყოს რეგისტრირებული, რადგან სევასტოპოლის პორტი ძალიან გადატვირთულია”, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი SPNEWS-სთან საუბარში.
კონფლიქტოლოგი ასევე ვარაუდობს, რომ უკრაინაში მარცხისა და ყირიმის დაკარგვის შემთხვევში რუსეთისთვის ოჩამჩირის ბაზა უფრო მეტ ფასს და მნიშვნელობას შეიძენს.
“ჰიპოთეტურად, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ყირიმი დაკარგოს. უკრაინაში მარცხის შემთხვევაში რუსეთი ეცდება, საქართველო მაინც “დაითრიოს”და აქ გაიძლიეროს პოზიციები. ასეთ შემთხვევაში ოჩამჩირის ბაზა მას არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად დასჭირდება და მართლაც მეტი მნიშვნელობა ექნება”, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებით არ ვრცელდება ინფორმაცია, ამჟამად რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაცხადებული საზღვაო ბაზის მშენებლობისთვის.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024