03/10/2024
16:08
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ინდოეთის ოკეანეში მდებარე ჩაგოსის არქიპელაგზე სუვერენიტეტს მავრიკს გადასცემს. გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. კუნძულოვანი სახელმწიფო მავრიკი 50 წლის განმავლობაში ითხოვდა აღნიშნული არქიპელაგის გადაცემას. გაერო-ს წევრთა უმრავლესობა არ აღიარებდა ბრიტანეთის კონტროლს არქიპელაგზე.
ჩაგოსის კუნძულები 1968 წელს მავრიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩა. 1966-დან 1973 წლამდე კუნძულებიდან გაასახლეს ადგილობრივი მოსახლეობა. არქიპელაგის უდიდეს კუნძულზე, დიეგო-გარსიაზე, განალაგეს ამერიკული სამხედრო ბაზა. ამჟამად ამ ბაზას ბრიტანეთი და აშშ ერთად მართავენ.
2000 წელს ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ ჩაგიოსის არქიპელაგიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება უკანონოდ ცნო. 2019 წელს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩაგოსის არქიპელაგის გამოყოფა მავრიკისგან არღვევდა საერთაშორისო სამართალს.
ამავე წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ლონდონს მოსთხოვა ნახევარი წლის განმავლობაში გაეყვანა კუნძულებიდან თავისი ადმინისტრაცია. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა სახელმწიფომ: ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, უნგრეთმა, მალდივებმა, ისრაელმა და აშშ-მა, 56-მა ქვეყანა თავი შეიკავა, 116-მა კი დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძულის გადაცემა დახურავს არალეგალური მიგრანტების სამეფოში შეღწევის შესაძლებლობას არქიპელაგის გავლით. განცხადებაში ნათქვამია, რომ კუნძულების გადაცემის შეთანხმებას მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ამასთან, ბრიტანული მედიის ცნობით, არქიპელაგ დიეგო-გარსიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე კონტროლს ლონდონი, სულ მცირე, 99 წლით შეინარჩუნებს.
0
0