11/10/2023
11:09
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ მონაცემებს აქვეყნებს:
„ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. დღეისთვის სისტემაში ჩართულია 959 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატს შეადგენს. მათგან “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 289, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 670 ელექტროსადგური. სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით”, - ამბობს დავით ნარმანია.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
0
0