21/06/2023
19:08
ეკონომიკა
“მოვიწვიოთ დამოუკიდებელი აუდიტი, თუ კომპანიას აქვს რესურსი, აქვს რაიმე ოპტიმიზაციის გზები, დაიდოს დასკვნა და მზად ვართ რომ ხელფასები მოვამატოთ ან დავდოთ შეთანხმება, როდესაც ჩვენ მივაღწევთ რაღაც შედეგებს, ამ შედეგებიდან გამომდინარე მოვამატოთ ხელფასი”, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ „ქრონიკაში განაცხადა.
„ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომელთა მხრიდანაც დაიდო დასკვნები, რაშიც გამოიკვეთა ხარვეზები, მათ შორის მართვის დონეზეც, შრომის პროცესის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირი იყო მოცდენები და ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ შრომის ორგანიზება შესაცვლელი იყო. გამოიხატა, რომ 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი შეცვლილიყო და 8 საათიანზე დაგვეყვანა. დასაქმებულებთან ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაა, რომ 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი 8 საათიანით შევცვალოთ, რათა მათი შრომა უფრო ნაყოფიერი იყოს და კომპანიისათვის უფრო ოპტიმალური შედეგი იყოს მიღწეული.
ძალიან არასწორად გავრცელდა ჩვენი დასაქმებულების ნაწილისგან ინფორმაცია, რომ თითქოს 400-500-ლარიან ხელფასის ოდენობაზეა საუბარი და მისი 20%, რომელიც 100 ლარია, რა გაუჭირდა კომპანიას რომ ხელფასების ზრდა ვერ განახორციელოსო. დასახელებულ ციფრს 6-7-ჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელი, რაც ჩვენს დასაქმებულებს ჭიათურაში გააჩნიათ. შესაძლებელია ეს ხალხი ნამდვილად მეტს იმსახურებდეს, რასაც მიწის ქვეშ მუშაობა ჰქვია, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც საწარმო, მინუს 12-მილიონიან ზარალზეა, 20%-იანი მატება ნიშნავს 10 მილიონი დოლარით წლიური ზარალის ზრდას", - აღნიშნა ლაშა თუთბერიძემ.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება. ისინი ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
0
0