20/09/2024
23:34
პოლიტიკა
ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმების არ მიღწევის მიზეზია ცოტა დრო და მხარეებს შორის ნდობის არ არსებობა.
როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, იმის გარჩევა თუ ვინ არის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებელი, ყველაფერს აზიანებს.
"მე, მათთან მქონდა კომუნიკაცია, თუმცა კომუნიკაციის დეტალებს ვერ გაგიხსნით. გეტყვით, რომ მათში ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი არსებობდა, მაგრამ ვანახეთ, რომ პრეზიდენტი ჩაერთო ამ პროცესში. ჩემი აზრით, მოვლენების ასე განვითარების მიზეზი არის ის, რომ ამ ტიპის მოლაპარაკებებს სერიოზული დრო სჭირდება. ასე მარტივი არ არის პარტიების გაერთიანება. როდესაც სიების წარდგენამდე 1 კვირაა დარჩენილი, ამან პროცესში ფსიქოლოგიური დაძაბულობა შეიტანა. მხარეებს შორის ნდობა რომ არ არსებობს ვიცით. ნდობა არ არსებობს და ცდილობ, რომ ყველა დეტალი გაანალიზო, ამისთვის კი დრო არ გყოფნის. ამ დროს კი, გარე მხრიდან ძლიერი პრესინგია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის შეფასებით, ის, რომ "ძლიერი საქართველოს" "შტოები სხვადასხვა აზრზე იყვნენ", ამან უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა და საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ შედგა.
„ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები 1 თვით ადრე რომ დაწყებულიყო, ამ ერთობის შანსები ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. დაგვიანდა უბრალოდ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0