05/04/2022
14:05
მსოფლიო
ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბუჩას ხოცვა-ჟლეტამ უნდა მოხსნას დასავლეთში ნებისმიერი ყოყმანი და სურვილის არქონა უკრაინისთვის ყველა საჭირო ტიპის იარაღის, მათ შორის თვითმფრინავების, ტანკების, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. ეს ასევე ეხება სანქციებს. თუ რომელიმე ჩემი კოლეგა ევროპიდან ან ოკეანის მიღმა, შეეცდება მითხრას, რომ ზოგიერთი სანქცია შეუსაბამო ან ზედმეტად მკაცრია და არ უნდა იყოს დაწესებული, მაშინ მე ამას მივიჩნევ ბუჩას და სხვა ქალაქებისა და სოფლების მსხვერპლთა ღალატად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებას თქმით, ბუჩას ხოცვა-ჟლეტა წარმოადგენს მოვლენას, რომელმაც უნდა შეცვალოს სიტუაცია იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა.
„მე ვაფასებ იმას, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა უკვე გააკეთეს. ზოგიერთმა მათგანმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე წარმოიდგენდნენ ომის დაწყებამდე. მე მათი ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. თუმცა, ომი გრძელდება და უკრაინის კიდევ ბევრი ქალაქი და სოფელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში რჩება რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ და ჩვენ არ ვიცით, რა ხდება იქ. ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე გასაოცარს. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ აუცილებელს, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და თავიდან აიცილოთ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დანაშაული და გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0