20/09/2022
11:18
მსოფლიო
ბრიტანეთი 2023 წელს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბრიტანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი მოგზაურობის დროს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ლიზ ტრასი მიუთითებს უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე, როგორც მტკიცებულებას იმისა, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინელ ხალხს სხვა დემოკრატიების მხარდაჭერით.
„ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა როცა ჰკითხეს, რას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისგან, ლიზ ტრასმა უპასუხა: „ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი – არა“.
ბრიტანეთი უკრაინის ნომერ მეორე სამხედრო დონორია, რომელმაც კიევს 2022 წელს, 2.3 მილიარდი ფუნტი, ასობით რაკეტა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა.
0
0