29/07/2024
14:17
სამართალი
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით, კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება.
გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა. საგამოძიებო უწყებაში შესვლისას გიორგი კუშტანაშვილმა დამალა, რომ ის სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაიბარეს. თუმცა საგამოძიებო ორგანოში „ქრონიკას“ დაუდასტურეს, რომ გიორგი კუშტანაშვილი სწორედ აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა.
ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა, უკომენტაროდ დატოვეს. გამოძიების დეტალებზე და გამომძიებლების მხრიდან დასმულ კითხვებზე, არც ადვოკატმა ისაუბრა.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.
0
0