12/05/2024
13:10
სამართალი
დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია.
როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს.
"სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა თუთბერიძემ.
ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.
"ერთი მხრივ, თავად დაუტოვო უფლება, რომ რაც გინდა ის გამოაქვეყნო, რაზეც გინდა იმაზე ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, რომ პასუხი გაგცეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილებულები ვართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს არ არის სწორი",-განაცხადა თუთბერიძემ.
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.
ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
0
0