21/09/2024
10:58
მსოფლიო
ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
როგორც მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, ტიხორეცკის რაიონზე თავდასხმა განხორციელდა.
„ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე. დაიწყო დეტონაცია“, – განაცხადა რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა.
თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებები ისმის სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები.
„ამჟამად უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ხანძრის ადგილის სიახლოვეს მდებარე დასახლების მცხოვრებთა დროებითი ევაკუაცია უახლოეს დასახლებულ პუნქტებში. ტიხორეცკში გაიხსნა დროებითი განთავსების პუნქტი. სახანძრო ბრიგადები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – აცხადებს კრასნოდარის მხარის გუბერნატორი.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გუშინ, ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოაგდეს, მათგან 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, კრასნოდარის მხარის თავზე – 18, აზოვის ზღვის აკვატორიაში – 16. კიდევ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს კალუგის, ტვერის, ბელგოროდის, სმოლენსკის და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.
0
0