18/06/2023
22:51
ეკონომიკა
თბილისში ფეიქრების ქუჩა კატალიზატორების შავი ბიზნესის ცენტრია. ამ ქუჩაზე, ავტომომსახურების თითქმის ყველა ობიექტზე ხსნიან კატალიზატორს და საკმაოდ მაღალ ფასად იბარებენ. ავტომანქანის ეს ნაწილი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. მის გარეშე, მანქანა ჩვეულებრივად მოძრაობს, თუმცა გარემოს საშიში ნაერთებით აბინძურებს.
ავტომობილის სავალდებულო ტექინსპექტირების გავლა შეუძლებელია კატალიზატორის გარეშე. მათთვის, ვინც ეს ნაწილი მოხსნა და გაყიდა, კანონის გვერდის ავლის კიდევ ერთი საშუალება აქვს - ავტომომსახურების ობიექტებზე მანქანის ამ ნაწილის, რამდენიმე დღით დაქირავებაა შესაძლებელი.
კატალიზატორების გაყიდვა 2015 წლიდან დღემდე, საკმაოდ მომგებიან ბიზნესად იქცა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში სულ $97,8 მილიონის ღირებულების ავტომობილის კატალიზატორია გასული. სულ ჯამში 701,441 კგ-ის. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის კატალიზატორი 2021 წელს გავიდა – $31 მილიონის ღირებულების. ავტომობილის კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მაღალი იყო 2020 წელსაც – $16.9 მილიონის მოცულობით.
ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მთავრობამ კატალიზატორების ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დაბინძურების რისკიც. ნატრიუმის დიოქსიდის და სხვა მავნე ნაერთების დაგროვება - გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია.
დადგენილებას, რომელიც ქვეყნიდან კატალიზატორების გატანას აკრძალავს, მთავრობა უახლოეს მომავალში გამოსცემს.
0
0