02/05/2024
11:32
ეკონომიკა
2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მონაცემების თანახმად აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (5.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.4 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), კვების სხვა პროდუქტები (2.4 პროცენტი) და თევზეული (0.8 პროცენტი),- აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0