19/01/2024
17:44
ეკონომიკა
2023 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა - ამის შესახებ ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმიდან ბიუჯეტში შესული აქციზის გადასახადი 47 მილიონი ლარი, ხოლო იმპორტული თამბაქოდან 985 მილიონი ლარი იყო.
თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს. არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს, 2023 წელს ადვალური აქციზიდან შესული თანხა 513 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 472 მილიონი ლარი.
შესაბამისად, თუკი კონკრეტული პროდუქტის სარეალიზაციო ფასი 8 ლარია, მასში 4.1 ლარი ფიქსირებულ და ადვალურ აქციზზე მოდის (1.70+2.40 ლარი), შესაბამისად აქციზის წონა საბოლოო ფასის 51%-ია. ამას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (სარეალიზაციო ფასის 18%), რომელიც 1.44 ლარს შეადგენს. შესაბამისად, აქციზის და დღგ-ს ჯამი 5.54 ლარია (საბოლოო ფასის 69%).
bm.ge
0
0