02/10/2023
07:30
კულტურა
70 ათასამდე მაყურებელი და გრანდიოზული შოუ – ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი ქართველი და უცხოელი მელომანების წინაშე თბილისში, „დინამო არენაზე“ გუშინ წარდგა.
პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გამართულ კონცერტზე მომღერალმა კარგად ცნობილი ჰიტების გარდა, ახალი კომპოზიციებიც შეასრულა.
კონცერტზე, ქართველი მაყურებლისთვის მოულოდნელად შესრულდა „თბილისო“. ნაცნობი მელოდიის გაჟღერებას, მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა. ეს კომპოზიცია „თბილისობის“ დღესასწაულს დაემთხვა.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტია. პოპ მუსიკის, ფანქის და სოულის სინთეზით, ამერიკელი მუსიკოსი, სხვადასხვა თაობის საყვარელი შემოქმედია.
კონცერტის დასრულების შემდეგ „ბლექ სი არენამ“ სოციალურ ქსელში დაწერა: „მადლობა ყველაზე მარსიანული ენერგიებისთვის“
როგორც ცნობილია, Starring Georgia 2-წლიანი სამთავრობო კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო შემსრულებლები ჩამოდიან. დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში Imagine Dragons-ის გრანდიოზული კონცერტი ასევე წარმატებით ჩატარდა.
0
0